სასწავლო პროექტი


 ,,სოფელი მთისპირი და მასში მდებარე ასკანის ციხე“


2. პროექტის მთავარი თემა: მოიძიებენ ინფორმაციას სოფელ მთისპირზე და მასში აშენებულ თამარ მეფის ციხეზე. შეგროვილი ფოტომასალით გააკეთებენ სტენდს ,,თამარის ციხე ჩვენ სოფელში“
3. პროექტის აქტუალობა: ბავშვები უკეთ გაეცნობიან მშობლიური სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას. ციხის ისტორიას.
4. პროექტის მიზნები: ბავშვები იკვლევენ ციხის ისტორიას, ივითარებენ კვლევის, ინფორმაციის შეგროვების და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარჩვევებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 9–11 წელი.
6. პროექტის ხანგრძლიობა/ვადები: 21 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები: ა) მოსწავლეები შეძლებენ ,,თამარის ციხის“ ისტორიის კვლევას, ბ) ინფორმაციის შეგროვებას, დამზადებას, გ) ამ ინფორმაციის საზოგადოების წინაშე წარდგენას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ა) ფოტომასალა, ბ) ციხის ისტორიაზე ჩანაწერები, გ) ხალხში შემორჩენილი ლეგენდის ჩანაწერი.
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ 2 ჯგუფად.
თითოეული ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ჯგუფებს ვაცნობ შესასრულებელ დავალებას:
ა) სოფლის გეოგრაფიული მდებარეობის და ისტორიის მოძებნა და გაგება.
ბ),, თამარ მეფის“ ციხის ისტორიის მოძიება და ლეგენდის ჩაწერა.
ბავშვებს ვთხოვ მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინონ მოთხრობის სახით, დახმარება სთხოვონ უფროსებს ინტერნეტით მასალის მოძიებისას. შეაგროვონ საჭირო ფოტომასალა სტენდისათვის.
             ბავშვები იწყებენ მუშაობას და ყველა კვირის ბოლოს ჩემთან წარმოადგენენ ნამუშევრებს რომელსაც ვიხილავთ და ვალაგებთ. 

               3 კვირის შემდეგ ბავშვების ნამუშევრები შევკრიბეთ და მივიღეთ სოფლისა და ციხის 
ისტორია: 
      მთისპირი გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი მთისპირი მდებარეობს ოზურგეთის რ-ნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ბახმაროს მთები, სამხრეთით სოფელი ფამფალეთი და ვაკიჯვარი, ჩრდილოეთით სოფელი ასკანა, დასავლეთით სოფელი ბახვი. მაღალი მთებით გარშემორტყმული იგი საოცრად ლამაზი სოფელია. მას დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ერთ–ერთი უძველესი სოფელია. ადამიანის ნაკვალევი ამ სოფელში ჯერ კიდევ წინაკლასობრივ ხანაში არის დადასტურებული 2000–3000 წლის წინათ. სოფელს თავდაპირველად ასკანა ერქვა. იური სიხარულიძის აზრით, სახელწოდება ასკანა უკავშირდება „სკა“–ს. ასკანის თემი სამ სოფელს აერთიანებდა. ესენი იყო: გვაბრათი, ასკანა და ფიცხისჯვარი. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ ეს თემი დაიშალა, სახელები შეიცვალა სოფლებმაც: გვაბრათს–ასკანა ეწოდა, ფიცხისჯვარს–მზიანი,ხოლო ასკანას მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მთისპირი ეწოდა.
        სოფელში არის ასკანის თამარ მეფის სახელობის ციხე, რომელიც მდებარეობს დელემურისა და თაფურიათის მთების სალკლდოვანებში გურიის ულამაზესი მთისპირის, ვანისქედისა და უკანავას შემოგარენში მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე.
        თვალშეუდგამი ქარაფის მწვერვალზე ცად შერტყორცნილა ასკანის ციხე,მისი უდრეკი ქედითა და შეუვალი გოდოლბურჯებით. ეს ციხე,რომელსაც ტყე აკრავს ირგვლივ მრისხანედ გამოიყურება გადარჩენილი კოშკებითა და მაღალი სათოფურებიანი კედლებით. შიგნით წყლის აუზია, გალავნის გარეთ კი წყაროს წყალი.ამ ციხეს გურიელი კაზემატად იყენებდა, სადაც დამნაშავეებს ყრიდა და კედელზე ჯაჭვით აბამდა. იგი აღჭურვილი იყო ქვემეხებით, რომლებიც 30–იანი წლების შემდეგ ოზურგეთში წაიღეს. ციხე საიმედო სახიზნავად ითვლებოდა გარეშე თუ შინაური მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მის ძირში გადის გურიიდან ზემო აჭარაში მიმავალი ყველაზე მარჯვე გზა. იგი ბახვის წყლის ხეობით გადადის სომლიაზე და ნაცადი მგზავრისთვის ზამთარშიაც უშიშარია. წინათამ გზიდან თავს ესხმოდნენ უპირატესად დიდ პარტიებად ასკანის მიმდებარე ადგილების მოსახლეობას და მიჰყავდათ ტყვედ მოტაცებული ქალ–ვაჟები.
ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა შემოგვინახა ლეგენდამ, ეს იყო დიდი ბრბოს თავდასხმა ასკანაზე, ახმედ–ბეგ ხიმშიაშვილის პირადი წინამძღვღობით 1819წლის 9აპრილს.
როგორც ხუროთმოძღვრული, ასევე არქეოლოგიური თვალსაზრისით, საკუთრივ ასკანის ციხე დღეისათვის მთლიანად შეუსწავლელია, რის გამოც მისი აგების თარიღების დაზუსტება ერთობ საძნელო საქმეა. დღეისათვის „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ცნობის თანახმად ასკანის ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა რომელთაგან უძველესი ადრე ფეოდალური ხანისაა, ხოლო ყველაზე უახლესი XIX საუკუნისა.
         გაზეთ „ივერიის“ (1989წ #35) მოწმობით ციხის შესასვლელის მარჯვნივ აღმართული იყო პატარა ტიპის ბაზილიკური ეკლესია, ასკანის ციხეში შემავალი კარიბჭის მარჯვნივ, ამჟამად მართლაც შეინიშნება ძველი ნაგებობის უტყუარი ნაკვალევი, კლდოვან ქანში გამოკვეთილი საფეხურებით.იქვე აღმოჩენილი იქნა ძველი მარანიც. ეს ნაშთები ცხადყოფენ რომ მისი საშუალებით „მკვიდრნი და მცველნი ციხისანი“ რომელიღაც ძველ ნაგებობაში შედიოდნენ.
       ციხის გარე ზღუდის ფართობი 300კვ.მ. შიგა ზღუდისა 500კვ.მ. შეინიშნება ასევე ციხის ზღუდეში გამოჭრილი სათოფურები.
       ციხის გარე ზღუდის დაქანებული ფერდობის ძირში კლდოვან გრუნტში აღმოკაფული დიდი ზომის ჭის ზედაპირი მოსჩანს, აქედან იწყება ბახვის წყლის ხეობასთან დამაკავშირებელი ციხიდან გამავალი საიდუმლო გვირაბი.
ასევე სოფელში არის ფერისცვალების ტაძარი რომელიც რძისფერ ნისლში ჩაძირულ პატარა მაღლობზე საუკუნეებია პატარა ბაზილიკურ ტაძრად დგას. ზუსტად არავინ უწყის რამდენ წელს ითვლის მისი ძველისძველი კედლები. ტაძართან ახლოს პატარა კელიაში ამ ბოლო დროს ორ მონაზონს უცხოვრია: დედა ნინოს (ანდღულაძე) და დედა მარიამს(კვაჭანტირაძე, მათ ბავშვები ძალიან უყვარდათ, ამიტომაც ისინი ყოფილან მათი ყველაზე ხშირი სტუმრები. დღემდე ამ გორას „მარიამის გორას“ ეძახიან.
    ჩვენი სოფლის შვილის, ახალგაზრდა გიორგი მიქელაძის ძალისხმევით ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის კურთხევით ტაძარში წირვა–ლოცვა აღდგა 2004 წლის 15 მაისს. ტაძრის მოძღვარი გახლდათ მღვდელმონაზონი მარკოზი, შემდეგ კი შეიცვლა და დღესაც წირვა ლოცვას ატარებს იეღუმენი მამა პეტრე და მამა კახაბერი.
      ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ დაიცვან სოფლის ეკლესია-მონასტრები და თამარის ციხე განადგურებისაგან. ისინი დებენ პირობას რომ ყველაფერს გააკეთებენ ამისათვის.

10. საგნებთან კავშირი: გეოგრაფია. ქართული, ისტორია და ისტი.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ელენე გუჯაბიძე.
12. პროექტის ხელმძღვანელი ელ–ფოსტა: elenegujabidze22@gmail.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий